დავიყვანოთ ნულამდე

პრესრელიზი

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით 1988 წლიდან 1 დეკემბერი აღინიშნება, როგორც შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე. ის მიზნად აივ/შიდსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ისახავს და ახდენს შიდსით დაავადებულ პირთა მიმართ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირებას მსოფლიო მასშტაბით. ეს დღე სახელმწიფო და კერძო სექტორიდან პარტნიორებს აძლევს შესაძლებლობას, გაავრცელონ ინფორმაცია პანდემიის სტატუსის შესახებ და ხელი შეუწყონ აივ/შიდსის პრევენციასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ პროგრესს ამ დაავადების მაღალი პრევალენტობის ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში.
 
2011-2015 წლებში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეების თემაა: “ნულოვანი ნიშნულის მიღწევა: აივ ინფექციების ახალი შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელი. ნულოვანი დისკრიმინაცია. შიდსით სიკვდილობის ნულოვანი მაჩვენებელი”. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო კამპანია ფოკუსირდება თემაზე: “შიდსით სიკვდილობის ნულოვანი მაჩვენებელი”, რაც გულისხმობს მოქმედებების გააქტიურებას დაავადების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით და წარმოადგენს მოწოდებას მთავრობებისადმი, დაუყოვნებლივ განახორციელონ ქმედებები ამ მიმართულებით და შეასრულონ აბუჯას დეკლარაციით გათვალისწინებული დაპირებები.
 
აივ/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. აივ ინფექცია აზიანებს და იწვევს იმუნური სისტემის ნგრევას, რაც ადამიანის ორგანიზმს ინფექციებისა და დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარს ართმევს.. შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) არის აივ ინფექციის ბოლო სტადია.
 
2004 წლიდან საქართველომ პირველმა და ჯერ-ჯერობით ერთადერთმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უზრუნველყო აივ მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა. აივ-ზე ტესტირება ერთადერთი გზაა აივ ინფექციის დიაგნოზის დასადგენად, ხოლო ადრეული დიაგნოსტიკა ერთადერთი საშუალებაა აივ ინფიცირებულის სიცოცხლის გახანგრძლივებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.
 
დღეისათვის ანტირეტროვირუსული მკურნალობა უტარდება 2971 შიდსით დაავადებულ პაციენტს.
 
აივ ინფექციის გადაცემის ძირითად გზას კვლავ ნარკოტიკების ინექციური მოხმარება წარმოადგენს (46,8%), რასაც მოსდევს აივ სქესობრივი გზით გადაცემა (42,6% ჰეტეროსექსუალური კონტაქტით ინფიცირება, 7,6% ჰომოსექსუალური კონტაქტით ინფიცირება).
 
2015 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია აივ ინფიცირების 5328 შემთხვევა, მათგან 3929 მამაკაცი და 1399 ქალია. საქართველოში აივ/შიდსით დაავადებულთა სავარაუდო რიცხვი 6600-ია. შიდსი განუვითარდა 3150 პაციენტს და 1063 გარდაიცვალა. უკანასკნელი წლების დინამიკა მიუთითებს აივ/შიდსის ახალი შემთხვევების ნელ, სტაბილური ზრდას.
 
მიუხედავად მთავრობების, სახელმწიფო თუ არასამთავრო­ბო ორგანიზაციების, მედიკოსების აქტიური მუშაობისა, აივ/შიდსი დღესაც უდიდესი პრობლემაა მსოფლიო მოსახლეობისათვის. პირველი დეკემბრის კამპანიის მიზანია კიდევ ერთხელ მივაპყროთ საზოგადოებისა და ყველა ჩვენგანის ყურადღება ამ სერიოზულ პრობლემას, კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ შიდსის რეალური საფრთხე.
 
 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გორში არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ“ მიერ დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: 
 
12:00 – 15:00 სთ.  – ნებაყოფლობითი ტესტირების აქცია აივ/შიდსზე და C ჰეპატიტზე ქ. გორის კულტურის ცენტრის  მიმდებარე ტერიტორია: მის. მშვიდობის გამზირი 12 ა. ამავე  ადგილზე  გაიმართება ქუჩის აქციაც არასამთავრობო ორგანიზაციების “ბილიკი” და ” კეთილდღეობის და განვითარების  ცენტრი” სამოქალაქო აქტივობის ახალგაზრდული კლუბების წევრების პარტნიორობით, სადაც მოხდება  ორგანიზაციის მიერ დაბეჭდილი ფლაერების  გავრცელება.
 
15:00 -17:00 სთ. – გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მის. სტალინის ქუჩა№7. გაიმართება  შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა სადაც მოწვეული იქნებიან შიდა ქართლის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები და მასმედია.  
 
 შემოგვიერთდით!
 
დავიყვანოთ ნულამდე!
 
      
საკონტაქტო პირი: ქეთევან ბიძინაშვილი ა(ა)იპ “ნაბიჯი მომავლისკენ” დირექტორი, 
ტელ: 599370255
ელ.ფოსტა: nabiji02@gmail.com